Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა თსუ-სა და ჰალე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით

2025 წლის 12 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიულ ფაკულტეტზე გაიმართა
სამუშაო შეხვედრა გერმანიის ჰალე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის
უნივერსიტეტის (MLU) იურიდიულ ფაკულტეტთან აკადემიური
თანამშრომლობის თაობაზე.
შეხვედრის განმავლობაში იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა
თამარ ზარანდიამ და თსუ-ს ლექტორმა, ნანა მჭედლიძემ, განიხილეს Erasmus+
მობილობის ვიზიტის შედეგები MLU-ში. ნანა მჭედლიძემ
დეკანს აცნობა მობილობის შედეგების შესახებ, მათ შორის, – სილაბუსის
განახლების, სასწავლო კურსებში ახალი თემების ინტეგრაციისა და სასწავლო
მეთოდოლოგიის დახვეწის შესახებ, რაც MLU-ში მიღებულმა გამოცდილებამ
განაპირობა. განისაზღვრა ორ იურიდიულ ფაკულტეტს შორის თანამშრომლობის
გაღრმავების შემდგომი ნაბიჯები.
გამოიკვეთა MLU იურიდიული ფაკულტეტის ძირითადი კვლევითი
მიმართულებები, მათ შორის: ტრანსფორმაცია, მდგრადობა, გარემო და
სამართალი; საერთაშორისო ეკონომიკური სამართალი; მედიცინა, ეთიკა და
სამართალი; ციფრულიზაცია და სამართალი; სამართლის საფუძვლები,
სამართლის უზენაესობა და სოციალური თანხმობა. აღნიშნული მიმართულებები
განისაზღვრა, როგორც განსაკუთრებით პერსპექტიული სფეროები ერთობლივი
აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობისთვის თსუ-სა და MLU-ს შორის.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ჰალე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის
უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობა ჩვენთვის ძალზე
მნიშვნელოვანია. ორ უნივერსიტეტს შორის ეს პარტრნიორული ურთიერთობა ხელს
უწყობს იდეების გაცვლას, შედარებით სამართლებრივ კვლევას და ჩვენს ფაკულტატებს
შორის ურთიერთგაგებას. ასეთი თანამშრომლობა აუმჯობესებს იურიდიული
განათლების ხარისხს და აძლიერებს სწავლებისა და კვლევის ევროპულ განზომილებას.
ჩვენ მოწადინებული ვართ, გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა
მომდევნო წლებში,“ – აღნიშნა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა
თამარ ზარანდიამ.
ასევე გადაწყდა, რომ სტუდენტთა მომსახურების სამსახურის სპეციალისტი, თსუ-ის
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ელენე ტყემალაძე დაეხმარება დაინტერესებულ
სტუდენტებს MLU-ის იურიდიული ფაკულტეტის შესახებ ინფორმაციის მიღებაში და
გაუწევს კონსულტაციას გერმანიაში გაცვლითი პროგრამებისა და სწავლის
შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორივე უნივერსიტეტის მზაობა
აკადემიური კავშირების განმტკიცებისა და სტუდენტებისა და აკადემიური

პერსონალის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, Erasmus+ პროგრამის
ფარგლებში.

 

  

თარიღი: 13/11/2025